ჯონ კირბი - აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი რუსეთისთვის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ არ იყო ჩარეული კრემლის წინააღმდეგ ამბოხში
აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი რუსეთისთვის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ არ იყო ჩარეული კრემლის წინააღმდეგ ამბოხში. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
„ჩვენ გვქონდა კარგი პირდაპირი კომუნიკაცია რუსებთან გასულ შაბათ-კვირას. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს შესაძლოა, გაგრძელდეს“, – განაცხადა კირბიმ.
ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს გზავნილი შაბათ-კვირას გაუგზავნა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორი იყო კრემლის რეაგირება.
„რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ სხვადასხვა დიპლომატიური არხით გადავეცით ეს გზავნილები პირდაპირ რუსეთს. ერთ-ერთი გზავნილია, რომ აშშ არ მონაწილეობს ამაში და მომავალშიც არ ჩაერთვება. ასევე, ჩვენ ველოდებით რუსეთისგან, რომ ის დაიცავს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს მოსკოვში დიპლომატიური პერსონალის დასაცავად და მთელი ქვეყნის ფარგლებში“, – აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, კირბიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ არის აშშ-ის პოლიტიკა. მისი თქმით, ვაშინგტონის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს.