ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა
ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

ჯონ ბოლტონმა, რომელსაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი უჩივის, მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს საკუთარი მემუარების გამოქვეყნებაში ედავება. განაცხადში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებისთვის ხელის შეშლის მცდელობები ავტორისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პოლიტიკური ძალისხმევაა.

„პრაქტიკული რეალობაა ის, რომ ვერც ბოლტონი და ვერც გამომცემლობა „საიმონ და შუსტერი“ ვერ შეაჩერებენ ამ წიგნის გაყიდვის პროცესს, რომელიც 23 ივნისიდან დაიწყება“, – ნათქვამია მიმართვაში.

იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვაშინგტონის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბოლტონი შრომითი ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევაში დაადანაშაულა. იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ტრამპის ყოფილი მრჩევლის წიგნის პუბლიკაცია „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება“.