მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ტრავმირებულ იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, – წერს გამოცემა Blick.
ჯერჯერობით, უცნობია 30 წლის სერბის კორტზე დაბრუნების თარიღი.
მოგვიანებით, ეს ინფორმაცია საკუთარ “ინსტაგრამზე” თავად ჯოკოვიჩმა დაადასტურა.
“ამ ტრავმით ვცხოვრობდი ბოლო ორი წელი და ამ დროის განმავლობაში, ბევრ ექიმთან ვიყავი სტუმრად. სიმართლე გითხრათ, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდა, სხვადასხვა დიაგნოზი, სხვადასხვა პროგნოზი. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ექვსთვიანი პაუზა ავიღე და იმედი მქონდა, რომ სრულად გამოჯანმრთელებული დავბრუნდებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ ვიგრძენი ტკივილი. რამდენიმე დღის წინ, მცირე ოპერაცია გადავიტანე იდაყვზე. ახლა, ისე ჩანს, რომ სრული გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ”, – დაწერა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „ინსტაგრამზე“.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა გამოტოვა გასული სეზონის მეორე ნაწილი მარჯვენა იდაყვის ტრავმის გამო და პირველი ოფიციალური ტურნირი ამა წლის იანვარში ჩაატარა – ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც კორეელ ჰიეონგ ჩუნგთან წააგო.
მატჩის შემდეგ, ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ იდაყვის არეში ტკივილმა არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება.