ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
„ვაცხადებ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ახალ პაკეტს უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველსაყოფად. დამატებითი დაფინანსების წყალობით უკრაინისთვის, რომელიც აშშ-ს კონგრესში ხმათა უმრავლესობით, ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა. შეერთებული შტატები შეძლებს, უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ახალი პაკეტი შეაიარაღებს უკრაინას ახალი შესაძლებლობებით და მოწინავე შეიარაღებით. მათ შორის „ჰაიმარის“ სისტემის საბრძოლო მასალებით, რომლითაც ქვეყანა დაიცავს თავს რუსეთის წინსვლისგან.
ეს აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში 11-ე პაკეტია. პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სადაზვერვო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.