ჯო ბაიდენმა სი ძინპინს მიმართა - მთავარია, მე და შენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში
ჯო ბაიდენმა სი ძინპინს მიმართა - მთავარია, მე და შენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სან ფრანცისკოში ჩავიდნენ, სადაც ორმხრივ შეხვედრას მართავენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის სი ძინპინის მასპინძლობა დიდი პატივია.

„ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო. ვფიქრობ, მთავარია, მე და შენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში“.

„ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში, ის უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხებს და შეასრულოს ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინსვლაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მშვიდი, მაგრამ დაპირისპირებას ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.