ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის გუნდი წარადგინა
ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის გუნდი წარადგინა

ჯო ბაიდენმა დაასახელა ჯანდაცვის გუნდი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მის ადმინისტრაციას წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მდივნის თანამდებობაზე კალიფორნიის გენერალური პროკურორი, ხავიერ ბესერა დაასახელა. ვივეკ მურტი აშშ-ის მთავარი ქირურგი გახდება. როშელ ვალენსკი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს უხელმძღვანელებს. მარსელა ნუნეს-სმიტი „კოვიდ-19“-ის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იქნება.

ენტონი ფაუჩი კოვიდ-19-ის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩეველი იქნება და ასევე გააგრძელებს საქმიანობას ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელად.

ჯეფ ზიენტსი „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებში კოორდინატორი და პრეზიდენტის კონსულტანტი გახდება. ნატალი ქუილიანი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის კიდევ ერთი ვეტერანი წარმომადგენელია, კოორდინატორის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანდო და ლიდერებით დაკომპლექტებული გუნდი შეძლებს, პანდემია კონტროლის ქვეშ მოაქციოს, რათა ამერიკელ ხალხს ჰქონდეს საშუალება, ძველ ცხოვრებას, სამსახურებსა და საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდეს.