ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ეროვნულ ტელევიზიაში მივიდეს და მისი მხარდამჭერების აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა დაგმოს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ეროვნულ ტელევიზიაში მისვლისა და მისი მხარდამჭერების აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
„პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რამდენად კარგი ან ცუდი პრეზიდენტია ის. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლიათ შთააგონონ. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, წააქეზონ. ამიტომ, მე მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, წავიდეს ეროვნულ ტელევიზიაში ახლა, რათა შეასრულოს თავისი ფიცი, დაიცვას კონსტიტუცია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.