ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის - თქვენ არასდროს დარჩებით მარტო
ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის - თქვენ არასდროს დარჩებით მარტო

თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას.

ბაიდენის თქმით, იმის ფონზე, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკვე 300 დღეზე მეტია გრძელდება, ამერიკელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ უსმენდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოისმინონ უკრაინის ბრძოლისა და 2023 წელს ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ.

მისი თქმით, მხოლოდ დღეს USAID-მა 374 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომლებიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება მისი არტილერიის, ტანკებისა და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ, ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, რუსეთი ზამთარს „იარაღად იყენებს“.

„ყინავს და აშიმშილებს ხალხს, ერთმანეთისგან აცალკევებს მათ. ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ. მათ შორის იგულისხმება ძალისხმევა კონგრესში, რაც გაამარტივებს მართლმსაჯულების ძიებას უკრაინაში რუსული სამხედრო დანაშაულების გამო“, – აღნიშნა ბაიდენმა.