ჯო ბაიდენი - ვეღარ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე
ვეღარ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე, – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში შეკრებილ მხარდამჭერებს.
ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცის, როგორ თქვას სიმართლე და შეასრულოს საკუთარი საქმე.
„ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, პირდაპირ რომ ვთქვა. ისე იოლად ვეღარ დავდივარ, როგორც ადრე, ვეღარ ვლაპარაკობ ისე თავისუფლად, როგორც ადრე, ვეღარ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე. ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე. ვიცი ის, რაც მილიონობით ამერიკელმა იცის: როდესაც ეცემი, ისევ დგები. ისევ არ ვიყრიდი კენჭს, მთელი გულით და სულით რომ არ მჯეროდეს, რომ მე ამ საქმის კეთება შემიძლია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან სასწორზე დემოკრატია დევს.
„ყველაფერზე მეტად, ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი დემოკრატია. ეს არის ის, რაც სასწორზე დევს ამ არჩევნებში“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, „სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.