ჯო ბაიდენი - რუსეთმა ომი უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა
რუსეთმა ომი უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სახრეთ კორეის ლიდერებთან კემპ დევიდში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა.
ჯო ბაიდენმა ასევე „სასაცილო“ უწოდა პუტინის არგუმენტაციას ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„რუსეთმა უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, რომლის შესახებაც აცხადებდა. ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, რუსეთის აგრესიის რეაგირების გარეშე დატოვება, შესაძლოა, სიგნალი გამხდარიყო ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით.
„წარმოიდგინეთ, არაფერი რომ გაგვეკეთებინა… ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ეს, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ადგილას. უმოქმედოდ რომ ვმდგარიყავით, რა გზავნილს გავუგზავნიდით ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს მისცემდა ეს მთელ მსოფლიოს?“ – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგები სცდება ევროპის საზღვრებს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენცია არ არის მხოლოდ ევროპული პრობლემა, ასეთი ინტერვენცია არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.