ჯო ბაიდენი - პუტინის გამოსვლაში არაფერი მიუთითებდა, რომ დაინტერესებულია ევროპის უსაფრთხოებაზე რეალური დიალოგით, ის პირდაპირ დაესხა თავს უკრაინის არსებობის უფლებას
პუტინის გუშინდელ გამოსვლაში არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ის დაინტერესებულია ევროპის უსაფრთხოებაზე რეალური დიალოგით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ რუსეთი აგრესორია.
„დეტალებში არ შევალ, გუშინ პუტინის გამოსვლაში არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ის დაინტერესებულია რეალური დიალოგით ევროპის უსაფრთხოებაზე. ის პირდაპირ დაესხა თავს უკრაინის არსებობის უფლებას. ის ირიბად დაემუქრა წარსულში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქვეყნებს, რომლებშიც დღეს დემოკრატია ყვავის და რომლებიც ნატო-ს წევრები არიან. რუსეთი იმუქრება ომით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ რუსეთი აგრესორია“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამავდროულად, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
„შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის, თუ ის სერიოზულია. ბოლოს რუსეთს მისი ქმედებებით განვსჯით და არა სიტყვებით. როგორიც არ უნდა იყოს ჯერ რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ, მას ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.