ჯო ბაიდენი - მე დემოკრატი ვარ, მე მიყვარს ჯონ მაკკეინი [ვიდეო]

მე დემოკრატი ვარ, მე მიყვარს ჯონ მაკკეინი, – ეს სიტყვები შშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფენიქსის ბაპტისტურ ტაძარში, ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე წარმოთქვა. მან მაკკეინს „ძმა“ უწოდა და ემოციური გამოსვლის დროს ცრემლი ვერ შეიკავა.

„ჯონს სწამდა ამერიკელი ხალხის“, – განაცხადა ბაიდენმა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამიტომ სენატორის გარდაცვალებამ აშშ-ის მოსახლეობას დიდი ტკივილი მიაყენა.

ბაიდენის თქმით, მაკკეინმა გამოსამშვიდობებელ წერილში ამერიკელებს საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები დაუტოვა.

„ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის შესაძლებლობებისა და სიდიადის, რადგან აქ არაფერია მარადიული“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მაკკეინის დანატოვარი იქნება შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის.

„ჯონ მაკკეინის გავლენა ამერიკაზე არ დასრულებულა. ეს არ არის ჰიპერბოლა. ეს არ არის დასასრული“, – აღნიშნა ბაიდენმა.

„ჯონი დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ამერიკელი ერის განსაკუთრებულ ლიდერებს შორის, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგნენ. ვიცი, ჯონს იმედი გამოუთქვამს, რომ ამ ისტორიაში მცირე როლს შეასრულებს. ჯონ, შენ ბევრად მეტი გააკეთე, ჩემო მეგობარო“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, როგორც აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მაკკეინი ყოველთვის ფუნდამენტური ღირებულებების დამცველი იყო.

„ის ვერ მოითმენდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სადაც და რა ფორმითაც არ უნდა ენახა ის. ჯონი ყოველთვის ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავდა – სამართლიანობას, გულწრფელობას, ღირსებას, პატივისცემას, ყოველთვის ებრძოდა სიძულვილს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონადან ვაშინგტონში გადაასვენეს. მერილენდში, ენდრიუსის სამხედრო ბაზის აეროპორტში ცხედარს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა მიაგო პატივი.

მაკკეინს ვაშინგტნში, კაპიტოლიუმში დაასვენებენ, ხვალ კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართება. მაკკეინს კვირას ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ვაშინგტონში გადასვენებამდე, ფენიქსის ბაპტისტურ ტაძარში გარდაცვლილ სენატორს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მისმა ახლობლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.