ჯო ბაიდენი - იზოლაციონიზმი არ იყო გამოსავალი 80 წლის წინ და არ არის გამოსავალი დღესაც
ჯო ბაიდენი - იზოლაციონიზმი არ იყო გამოსავალი 80 წლის წინ და არ არის გამოსავალი დღესაც

იზოლაციონიზმი არ იყო გამოსავალი 80 წლის წინ და არ არის გამოსავალი დღესაც, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლის აღსანიშნავად გამართულ მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბნელი ძალები, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ აქ დაკრძალული გმირები 80 წლის წინ, არსად გამქრალან. აგრესია, დომინირების და კონტროლის სურვილი, საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით, მრავალი წელია, გრძელდება. ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის არ დასრულებულა. აქ, ევროპაში ვხედავთ ამის ნათელ მაგალითს. უკრაინაში შეიჭრა ტირანი, უკრაინელები იბრძვიან საოცარი სიმამაცით, აქვთ დიდი დანაკარგები, მაგრამ არასდროს იხევენ უკან. რუსეთმა საოცარი დანაკარგი განიცადა, ეს ციფრები შემაძრწუნებელია, 350 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა რუსეთი, რადგან მეტად ვეღარ ხედავენ მომავალს რუსეთში. აშშ, ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ არ მივატოვებთ უკრაინას, რადგან სხვა შემთხვევაში უკრაინას დაიმორჩილებენ და ეს უკრაინით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლები საფრთხეში იქნებიან, მთელი ევროპა იქნება საფრთხეში. არავის შეგეპაროთ ეჭვი, რომ ამ მოვლენებს მთელი მსოფლიოს ავტოკრატი ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან. მათ უნდათ, ნახონ, რა მოხდება, უნდათ, ნახონ, უპასუხოდ ხომ არ დავტოვებთ ამ არალეგალურ აგრესიას. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მჩაგვრელებისადმი დანებება და დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ნატო შეიქმნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მტკიცე ალიანსი და დროთა განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო ძლიერი გახდა.

„დღეს ნატო-ში არის 32 წევრი ქვეყანა. ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. უფრო მეტად ერთიანია მშვიდობის შესანარჩუნებლად, აგრესიის შესაკავებლად, თავისუფლების დასაცავად მთელ მსოფლიოში. ამერიკამ დააბანდა ინვესტიციები ჩვენს ალიანსებში და ახალი ალიანსები შექმნა არა უბრალოდ ალტრუიზმის გამო, არამედ ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე; აშშ-ის უნიკალური შესაძლებლობა, გააერთიანოს ქვეყნები, უდავოდ არის აშშ-ის სიძლიერის წყარო. იზოლაციონიზმი არ იყო გამოსავალი 80 წლის წინ და არ არის გამოსავალი დღესაც“, – განაცხადა ბაიდენმა.

80 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია, რომელშიც 50 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. მან გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში, ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად.