ჯო ბაიდენი - ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა
ჯო ბაიდენი - ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა

ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ბოლო 36 საათში აშშ-მა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბური ევაკუაცია წამოუდგენელია ტრაგიკული სცენების გარეშე, რაც ქაბული აეროპორტში ხდება.

ბრიფინგზე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ევაკუაციის ოპერაცია სახიფათოა და ადგილზე სიტუაცია სწრაფად იცვლება. ერთ-ერთ საფრთხედ მან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან შესაძლო თავდასხმები დაასახელა, რომელთა სამიზნე შეიძლება, გახდნენ როგორც ავღანელები, ისე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქაბულის აეროპორტში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ავღანეთიდან ევაკუაცისას ადამიანები პირადაპირ აშშ-ში არ გადაჰყავთ. ბაიდენის განმარტებით, ისინი თავდაპირველად სატრანზიტო ქვეყნებში ხვდებიამ. მათ შორის ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და ესპანეთში, სადაც ლტოლვილებს სპეცსამსახურები ამოწმებენ, შემდეგ კი ისინი აშშ-ში ვიზიტის მისაღებად განაცხადს ავსებენ.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრიორიტეტი არის ავღანეთიდან ამერიკელების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ აშშ-თან, ასევე ქალი ლიდერებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც შესაძლოა, საფრთხე​ემუქრებოდეთ. მისივე თქმით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ბაიდენმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება, გაეყვანა აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთიდან, იყო „ლოგიკური, რაციონალური და სწორი“.

„თალიბანზე“ საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე მოძრაობის წევრები ასრულებენ დაპირებას და ქაბულის აეროპორტამდე მისვლაში არ უშლიან ხელს იმ ადამიანებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თალიბების სხვა განცხადებები ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებია და აშშ, ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, დააკვირდება, როგორი იქნება თალიბების მიერ გადადგმული ნაბიჯები.