სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებას, სულ მცირე, რამდენიმე კვირა დასჭირდება
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებას, სულ მცირე, რამდენიმე კვირა დასჭირდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებას, სულ მცირე, რამდენიმე კვირა დასჭირდება, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

კალინიაკის თქმით, უახლოეს მომავალში ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანა არ იგეგმება და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოში დარჩება.

„ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად საკმარისად ძლიერია, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს, თუმცა ამის იმედი შეგვიძლია, სულ მცირე, რამდენიმე კვირაში გვქონდეს“, – განაცხადა კალინიაკმა.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ექიმები ყოველდღიურად გაავრცელებენ.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, მილან ურბანის განცხადებით, დილის კონსულტაციის საფუძველზე ექიმებს შეუძლიათ, განაცხადონ, რომ დღეს ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა და გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო და დასვენება სჭირდება. გვჯერა, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით წავა“, – განაცხადა ურბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თავდამსხმელმა 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 71 წლის მამაკაცს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისთვის 25 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.