ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ოლიმპიური ზავის წინადადება უარყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ოლიმპიური ზავის წინადადება უარყო

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ოლიმპიური ზავის წინადადება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მოსკოვი საომარი მოქმედებების ნებისმიერ შეჩერებას თავისი სამხედრო უპირატესობისთვის გამოიყენებს.

„მოდით, ვიყოთ გულწრფელი. ემანუელ, მე არ მჯერა ამის. ვის შეუძლია, მოგვცეს იმის გარანტია, რომ რუსეთი ამ დროს არ გამოიყენებს თავისი ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოსაყვანად? ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ზავის, რომელიც მტრისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან.

„პირველ რიგში, ჩვენ არ ვენდობით ვლადიმერ პუტინს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განუცხადა სახელმწიფო მედიას, რომ მან განიხილა ოლიმპიური ზავის იდეა თავის ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ამ იდეას, პუტინმა კრიტიკით უპასუხა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთსა და უკრაინას ზავისკენ მოუწოდეს.

„შესაძლოა, ეს იყოს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ კონფლიქტების მდგრადი გადაწყვეტისკენ, საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით“, – განაცხადა მაკრონმა.