ჯო ბაიდენი - იმ მომენტიდან, როცა „ჰამასმა“ ხალხი გაიტაცა, ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ, ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები
იმ მომენტიდან, როცა „ჰამასმა“ ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს საათებში გაირკვევა, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპი.
„დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა ამ მძევალმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია. მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისე, როგორც ჩვენ ველოდებით. დღევანდელი დღე იყო დიდი შრომის შედეგი. იმ მომენტიდან, როცა „ჰამასმა“ ეს ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე, რომ ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში მე არაერთხელ ვესაუბრე კატარის ემირს, ეგვიპტის პრეზიდენტს, ელ-სისის და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რათა დავხმარებოდი ამ შეთანხმების მიღწევაში და მინდა, მადლობა გადავუხადო სამივე ლიდერს ამ მიზნის მისაღწევად თანამშრომლობისთვის. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით, რომ ათობით მძევალი დაუბრუნდება ოჯახებს. მე ვრჩები პირად კონტაქტზე კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებთან, რათა დავრწმუნდე, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ეგვიპტეში, სასაზღვრო პუნქტთან მივიდა 200-ზე მეტი სატვირთო მანქანა, რომლებიც დატვირთული იყო საკვებით, მედიკამენტებით და საწვავით.
ბაიდენის განცხადებით, მან მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, „ჰამასის“ ლიკვიდაციის მცდელობის პროცესში ყურადღება გაამახვილოს მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე, რაც „რთული ამოცანაა“.
„მე ვიქნები ჩართული ლიდერებთან მთელ ახლო აღმოსავლეთში, რადგან ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ რეგიონისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად, მომავლისთვის, სადაც ასეთი ძალადობა წარმოუდგენელია, მომავლისთვის რეგიონის ყველა ბავშვისთვის, ებრაელების, მუსლიმების, ქრისტიანების, ისრაელელების, პალესტინელებისა და არაბებისთვის, რომლებიც მშვიდობაში გაიზრდებიან. მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, სანამ ის „ჰამასის“ ლიკვიდაციას ცდილობს, რაც მისი ლეგიტიმური მიზანია, ყურადღება გაამახვილოს მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე. ეს არის რთული ამოცანა და არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ზავის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.