ჯო ბაიდენი - გევედრებით, გაიკეთეთ პირბადე, ამით ათი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია
გთხოვთ, გევედრებით, გაიკეთეთ პირბადე, გააკეთეთ ეს თქვენთვის, თქვენი მეზობლისთვის, პირბადე პოლიტიკური განაცხადი არ არის, მაგრამ ეს არის კარგი გზა გაერთიანებისკენ,- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული სიახლე ამ ეტაპზე რეალობას არ ცვლის და დღესდღეობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტურ იარაღად ისევ პირბადე რჩება.
„20 იანვრამდე არ ვიქნები პრეზიდენტი, მოგმართავთ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიეცით ხმა, ვის გვერდით იდექით. ათი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, თუ ვატარებთ პირბადეს“,- განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა „კოვიდ-19“-ის ინფექციის პრევენციაში.
პირველადი შედეგების მიხედვით, პაციენტების დაცულობა ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში მიიღწა. კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.