ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე - კარგია, რომ ინაუგურაციაზე არ მოვა, ის ქვეყნის სირცხვილია
კარგია, რომ ის ინაუგურაციაზე არ მოვა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს მისი ფიცის დადების ცერემონიას.
„მითხრეს, რომ ის არ დაესწრება ინაუგურაციას. ერთ-ერთი იმ მცირე შემთხვევათაგან, როცა მე და ის რამეზე ვთანხმდებით. კარგია, რომ ის არ მოვა. მან მკაფიოდ წარმოაჩინა, მან გადააჭარბა ჩემ ყველაზე უარეს აღქმასაც მის შესახებ. ის ქვეყნის სირცხვილია, შეგვარცხვინა მსოფლიოში. არ იმსახურებს ამ ოფისის დაკავებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, ინაუგურაციას არ დაესწრება არც პირველი ლედი მელანია ტრამპი. ისინი ვაშინგტონს 19 იანვარს დატოვებენ და მარ-ა-ლაგოში გაემგზავრებიან.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არ დაესწრება ჯო ბაიდენის ინაუგურაციას.
„მივმართავ მათ, ვინც მკითხა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“, – დაწერა ტრამპმა.