ჯო ბაიდენი - ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას ორივე ამოცანის განხორციელებაში
ჯო ბაიდენი - ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას ორივე ამოცანის განხორციელებაში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას არა ამერიკული ჯარების გაგზავნით, არამედ იარაღითა და საბრძოლო მასალის მიწოდებით. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინის მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის შესაძლებლობით, დაიცვას საკუთარი თავი ახლა და შეაჩეროს აგრესია სამომავლოდ ნებისმიერ დროს. შეერთებული შტატები აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ორივე ამოცანის განხორციელებაში – არა ამერიკული ჯარების გაგზავნით უკრაინაში საბრძოლველად, არამედ იარაღითა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, უკრაინელი ჯარების წვრთნის გაგრძელებით ევროპისა და შეერთებულ შტატებში ბაზებზე, ჩვენს სამხედროებს შორის თავსებადობის გაძლიერებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინვესტიციებით“, – აღნიშნა ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმება დააჩქარებს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ალიანსში. მისივე თქმით, ის უკრაინას საშუალებას მისცემს, განახორციელოს დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების მიზნების შესაბამისად.

ამასთან, როგორც ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილეს ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაც. „განვიხილეთ საერთო შეშფოთება ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, როგორიც არის ჩინეთი, რომელიც რუსეთს აწვდის მასალებს, რომელიც მათ საბრძოლო მანქანისთვის სჭირდებათ. ჩვენ შევთანხმდით კოლექტიური ზომების მიღებაზე ამ ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ათწლიან შეთანხმებას „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის ან საფრთხის შემთხვევაში აშშ-ისა და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეხვდებიან ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში, რათა განიხილონ რეაგირების ზომები და განსაზღვრონ, თუ რა დამატებითი თავდაცვის მოთხოვნებია საჭირო. ამასთან, როგორც შეთანხმებაში ვკითხულობთ, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.