ჯო ბაიდენი - ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა
ჯო ბაიდენი - ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა

ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ ის ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს.

კაპოტოლიუმის შტურმით აღება, ფანჯრების მსხვრევა, ოფისების დაკავება, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში შეჭრა, არჩეული ოფიციალურ პირების მუქარა, არ არის პროტესტი. ეს არის აჯანყება. ამას მსოფლიო უყურებს, ისევე როგორც ამერიკელები. ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არის იმედის სინათლე და დემოკრატიის შუქურა, ასეთ ბნელ მომენტამდე მოვიდა. თუმცა ჩვენ კვლავ გავუძლებთ და უფრო ძლიერები ვიქნებით. შემდეგი ოთხი წელი ვიმუშავებთ დემოკრატიის აღსადგენად“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა მოუწოდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელევიზიით სიტყვით მიმართოს, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ალყის დასრულება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.