ჯო ბაიდენი - ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის, მათი ოჯახების წინააღმდეგ, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე გაიზიარებენ ტკივილსაც
რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ამასთან, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიმართ სანქციებზეც ისაუბრა.
„რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისი. რა აძლევს პუტინს უფლებას, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ე.წ. ქვეყნებად აღიაროს? ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე – სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან დაწყებული, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე გაიზიარებენ ტკივილსაც. რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.