ჯო ბაიდენი - აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლასგან,“ „ჰამასისგან“, ჰუსიტებისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფისგან
ჯო ბაიდენი - აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლასგან,“ „ჰამასისგან“, ჰუსიტებისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფისგან

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი არის სამართლიანი ქმედება მისი მრავალი მსხვერპლის საპასუხოდ. პარალელურად, ბაიდენმა მხარეებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი „ჰეზბოლასგან,“ „ჰამასისგან“, ჰუსიტებისგან და ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფისგან, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.“

„ჩვენი მიზანია როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაცია დიპლომატიური გზებით. ღაზაში ჩვენ ვცდილობთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით მივაღწიოთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ლიბანში კი, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის.