ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ხელახალი არჩევნების ჩატარების იდეა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ წამოაყენა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, მე ვუჭერ მხარს”.

ვენესუელაში 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ნიკოლას მადურო გახდა ქვეყნის ლიდერი. თავის მხრივ, ოპოზიციის მტკიცებით, მათი მონაცემები აჩვენებს, რომ გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია. არჩევნების შედეგების გამოცხადებას კარაკასსა და ვენესუელის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები. დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი. დააკავეს 2000 მომიტინგე. აშშ-მა და ევროკავშირმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ ცნეს. ვაშინგტონში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი გამოაცხადეს, ხოლო ევროკავშირმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, ხმები ხელახლა დათვალოს.