ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იორდანიაში დრონებით თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელდა
იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმაურება.
ბაიდენი აცხადებს, რომ თავდასხმა „ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების“ მიერ განხორციელდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ფაქტებს ამ თავდასხმის შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ ეს თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ“, – წერია ბაიდენის განცხადებაში.
იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ბაზაზე განხორციელდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
იორდანია აშშ-ის ახლო მოკავშირეა, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული. „ბიბისის“ ინფორმაციით, იქ, დაახლოებით, 3 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული.