ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აქტიურადაა ჩართული ყოველდღიურ დისკუსიებში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის აქტიურადაა ჩართული ყოველდღიურ დისკუსიებში, რათა უზრუნველყონ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება. ბაიდენის განცხადებით, სჯერა, რომ მძევლების გათავისუფლება მოხდება.
„დაგველოდეთ, ჩვენ მოვდივართ“, – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იქნება მისი გზავნილი მძევლების ოჯახების წევრებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ყოველდღე საუბრობს მხარეებთან, რომლებიც მონაწილეობენ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, მაგრამ არ სურს დეტალების გაზიარება.
როგორც ისრაელში აცხადებენ, „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 240 მძევალია, ამ დროისთვის კი მხოლოდ ოთხია გათავისუფლებული.