ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
„ამერიკა დაბრუნდა“, „დემოკრატია დაბრუნდა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბაიდენისეული ხედვა საერთაშორისო არენაზე ამერიკის ღირსეული ლიდერობის აღდგენას გულისხმობს.
ბაიდენის თქმით, დასრულდება ამერიკის მხარდაჭერა იემენში შეტევით ოპერაციებზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაინიშნება ელჩი, რომელიც ამ გრძელვადიან კონფლიქტზე იქნება ფოკუსირებული.
„ომი, რომელმაც შექმნა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა“, – განაცხადა ბაიდენმა იემენზე საუბრისას და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს საუდის არაბეთის მხარდაჭერასა და დახმარებას.
ამასთან, ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესაფასებლად, თავდაცვის მდივანი ლოიგ ოსტინი „გლობალური ძალების მდგომარეობის გადახედვას“ განახორციელებს, და ვიდრე ეს პროცესი მიმდინარეობს, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეჩერდება გერმანიიდან ამერიკული ძალების დისლოცირება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა კრემლი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების გამო.
„ნავალნი დაუყოვნებლივ და პირობების გარეშე უნდა გაათავისუფლონ. ჩვენ არ მოგვერიდება რუსეთისთვის საფასურის დაკისრება და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებსა და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ბაიდენმა.