ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ბოლო მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტმა პუტინმა ორი მოთხოვნა დააყენა – უკრაინა არასდროს გაწევრიანდეს ნატო-ში და უკრაინაში არ განთავსდეს სტრატეგიული შეიარაღება.
„ორი რამ, რაზეც პუტინმა თქვა, რომ გარანტიები სურს, არის ის, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი და მეორე, რომ ნატო არ განათავსებს სტრატეგიულ იარაღს უკრაინაში. მეორე საკითხზე ჩვენ შეგვიძლია რამე გამოვიმუშაოთ იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს მოსკოვი საზღვრის გასწვრივ რუსეთის ევროპულ ნაწილში. პირველ საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.