პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმ-ლაბორანტის, ხატია მიქაბერიძის განცხადებით, „ჯინექსპერტის“ აპარატით ინფექციის დადგენა 50 წუთშია შესაძლებელი.
როგორც ხატია მიქაბერიძემ აღნიშნა, „ჯინექსპერტის“ აპარატი არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა გამორიცხული იყოს.
„ჩვენმა ლაბორატორიამ ლევან რატიანთან ერთად მოახერხა, რომ ყველა კვლევა, რაც კი კორონავირუსთან იყო დაკავშირებული, არის აწყობილი. კლინიკას მივყვებით კვალ და კვალ. შესაბამისად, გაგვაჩნია ყველა საშუალება და რესურსი, რომ გავტესტოთ პაციენტები სხვადასხვა კვლევაზე, მაგრამ არის ისეთი კვლევაც, რომელიც არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური. ეს არის „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თავად ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კატრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღების დროს რაიმე პრობლემა. გარდა ამისა, ზუსტი შედეგი გვაქვს ძალიან სწრაფ დროში, რადგან სხვა მეთოდით, მეორე დღეს გვაქვს შედეგი, ეს არის ძალიან კარგი მეთოდი. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ საკმაოდ მაღალი სპეციალობის და მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ასევე სჭირდება იმის დადასტურება არის გამოჯანმრთელება თუ არა, რათა რეაგირება უფრო სწრაფ დროში მოვახერხოთ. ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია. ეს მეთოდი არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ ის არის მწარმოებელი. გამოიყენება სხვადასხვა კვლევისთვის, ეს არის ტუბერკულიოზებისა და ჰეპატიტების კვლევა. საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს და არის ზუსტი“, – განაცხადა ხატია მიქაბერიძემ.
მისივე თქმით, „ჯინექსპერტის“ აპარატით კვლევა ყველა პაციენტს ვერ ჩაუტარდება, რადგან კარტრიჯების შეზღუდული რაოდენობაა.
„ამ კვლევას მძიმე პაციენტებსა და რისკის მქონე პაციენტებს ჩავუტარებთ“, – განაცხადა ხატია მიქაბერიძემ.