ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.