ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, რომელთაგანაც ერთი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა სასაქონლო ნაშთი და ყალბი აქტივი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.