ჯერალდ კონოლი - ჩვენ გვჭირდება ღია კარის პოლიტიკა, რომ ალიანსის რიგებს სხვებიც შემოუერთდნენ, მათ შორის საქართველო
ჩვენ გვჭირდება ღია კარის პოლიტიკა, იმისთვის, რომ ჩვენ რიგებს სხვებიც შემოუერთდნენ, მათ შორის საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა ჯერალდ კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანათან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველო-ს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატო-სთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.
„ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან წარმატებული ალიანსის 70-ე წლისთავს – ალიანსის, რომელმაც ცივი ომის პერიოდში საბჭოთა აგრესია შეაჩერა და საბოლოო ჯამში, ამ ომში გაიმარჯვა კიდეც. მას ნახევარი საუკუნე დასჭირდა ამ გამარჯვების მისაღწევად მაგრამ ეს უდიდესი წარმატებაა, რამაც ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და, ფაქტიურად, მათ ალიანსში გაერთიანებას გაუხსნა გზა, ეს მართლაც რომ კმაყოფილებით გვავსებს. აღნიშნულის შედეგად, ჩვენი შემადგენლობა 12-დან 30-მდე გაიზარდა, 30-ე წევრად მაკედონია მოიაზრება. ჩვენ გვჭირდება ღია კარის პოლიტიკა, იმისთვის, რომ ჩვენ რიგებს სხვებიც შემოუერთდნენ, მათ შორის საქართველო“,- განაცხადა კონგრესმენმა.
მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო ასეთი ქვეყანაა.
„ნატო ორ ამოცანას ემსახურება: ის წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის ალიანსს, რომლის მიზანია, დაიცვას თითოეული წევრი ნებისმიერი სახის ტერიტორიული აგრესიისგან. ამავე დროს, ის ეფუძნება საერთო ღირებულებებს, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქვეყნებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტრადიციების დამკვიდრებაში, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, თავისუფალი გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების, რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფაში. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ქვეყნები ალიანსის წევრებად ვიხილოთ, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა, უკრაინაც ცდილობს, იგივე გზით იაროს. ჩვენ ღია კარის პოლიტიკა გვჭირდება, რადგან ორიენტირებული ვართ მომდევნო სამოცდაათ წელზე და ვფიქრობთ, რომ სხვებსაც უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჯერალდ კონოლიმ.
ასევე, კონგრესმენის განცხადებით, მის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში საუბარია განვლილ სამოცდაათ წელზე, ამავე დროს, ფოკუსირებულია მომავალზე.
„როდესაც ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება, საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ რუსული აგრესია არსად გამქრალა. გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ, არ უნდა გავექცეთ ამ ფაქტს. ნატო-ს მიზანია, უზრუნველყოს ფიზიკური კოლექტიური თავდაცვა. როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ თავდაცვაში ინვესტირებით, ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს და ვაჩერებთ რუსულ აგრესიას“, – განაცხადა კოგრესმენმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად, აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში 2019 წლის 3 აპრილს, ნატო-ს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით, რეზოლუცია წარადგინა. დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეძღვნება, საუბარია საქართველოსა და ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.
„ნატო-მ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ნატო განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავისუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.