„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება
„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.
კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.
„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. 20 თეთრი თითო აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. ამასთან, 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. პაკეტი „მეტი M“, რომელიც აქამდე 10 ლარი ღირდა, 15 ლარი ხდება (1 GB ინტერნეტით და ულიმიტო SMS-ებით).
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.
„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).
„მაგთის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).
იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.
იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (სიჩქარე ორმაგდება).