ჯენ ფსაკი - ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო და ფინანსურ კავშირებს აკრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო და ფინანსურ კავშირებს აკრძალავს.
ამასთან, აშშ სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც უკრაინის აღნიშნულ რაიონებში საქმიანობას გადაწყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენ ველოდებოდით ამგვარ ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის მოქალაქეებს მხრიდან უკრაინის ეწ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ან რესპუბლიკებიდან. აღნიშნული აღმასრულებელი განკარგულებით სანქციების დაწესება იქნება შესაძლებელი ნებისმიერი პირისთვის, ვინც გადაწყვეტს საქმიანობას უკრაინის აღნიშნულ რაიონებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებაში.
ფსაკის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნულ სანქციებთან დაკავშირებულ დეტალებს მალე გაასაჯაროებენ. ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევის საპასუხოდ.
თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ ზომების მიღება ცალკე იგეგმება და ეს იქნება დამატებითი ნაბიჯი სწრაფ და სერიოზულ ეკონომიკურ ზომებთან ერთად, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამზადებდა რუსეთის მიერ უკრაინაში მორიგი ინტერვენციის შემთხვევაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.