ჯემალ გამახარია - ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის რეზიდენციაზე“ იერიში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიტანეს, ყველა, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზეა, რუსეთის კაცია
ოკუპირებულ აფხაზეთში „პრეზიდენტის რეზიდენციაზე“ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა და პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად მიიტანეს იერიში, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჯემალ გამახარიამ აფხაზეთში დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესები კრიმინალურ დაპირისპირებას, ასევე ძალთა გადანაწილებას უკავშირდება.
„ის, რაც გუშინ მოხდა და დღესაც გრძელდება, არ იყო მოულოდნელი. ყველა საუბრობს, რომ გუშინდელი მოვლენები არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია. ეს, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები, იგივე კვიცინია, რომელმაც წააგო არჩევნები ხაჯიმბასთან, გაყალბების შედეგად, არამედ ერთი თვის წინ მოკლული კრმინალების ნათესავები, ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით. ახრა ავიძბა ცხოვრობს სოჭში, არის აფხაზი და დონეცკში იბრძვის რუსების მხარეს. ის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი აღიარებული წარმომადგენელი და აფხაზეთში ორი მოკლული ახალგაზრდის, ასტამურ შამბასა და ალხაზ ავიძბას ახლო ნათესავია. ის დიდი ხანია, აკეთებს მუქარის შემცველ განცხადებებს ხაჯიმბას მისამართით, რადგან იცით, რომ სწორედ ხაჯიმბას ორი მცველი არის დაკავებული იმ მკვლელობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ. მისივე თქმით, პროცესები აფხაზეთში ამ დრომდე ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ჯემალ გამახარიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ასევე „ოპოზიციის“ ერთ-ერთიწარმომადგენელი ასლან ბჟანიაც.
„გუშინ ჩავიდა მოსკოვიდან ასლან ბჟანია, ადამიანი, რომელსაც უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციის სახელით და რომელიც მოწამლეს, რის გამოც ვეღარ შეძლო დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა. ბჟანია ახალი წლის წინა დღეებშიც იყო ჩასული აფხაზეთში, რამდენიმე შეხვედრა გამართა თავის თანამოაზრეებთან დაგააკეთა განცხადება, რომ 2020 წელს ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი არჩევნები. მე პირდაპირ კავშირს ვხედავ ამ განცხადებას, ავიძბას მოქმედებასა და მიმდინარე მოვლენებს შორის“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა განწირულია და თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.
„რაც შეეხება მოსალოდნელ პროცესებს, ხაჯიმბა აუცილებლად წავა, ის განწირულია. ბჟანიას განცხადებები, მისი ჩამოსვლა და გალიდერება აჩვენებს, რომ რუსეთი მაინცდამაინც თავს არ მოიკლავს ხაჯიმბას გამო. რუსეთის გარეშე იქ ვერავინ ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა. ყველა, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზეა, რუსეთის კაცია. სხვა მიმართულების ადამიანი, მაგალითად, პროქართული მიმართულების, ვერ მოვა სათავეში.
რუსეთს აწყობს ხაჯიმბა, ამიტომაც შეუწყო ყველანაირად ხელი, რომ გაპრეზიდენტებულიყო, თუმცა თუ ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში მას არაფრად არ უღირს ხაჯიმბა, მას აფხაზეთი უნდა და არა ხაჯიმბა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება არა სასამართლოს გზით. სასამართლომ რომ ჩავათვალოს არჩევნები არალეგიტიმურად, ეს პირდაპირ რუსეთს ურტყამს, ამიტომ სასამართლოს რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს. მოვლენების შემდეგი განვითარება ახალი დე ფაქტო არჩევნებია“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის ამ პროცესებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება.
„ვერ იტყვი, რომ საქართველოსთვის ამ პროცესებით მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. პროცესები აჩვენებს, რომ არავითარი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებობს. აფხაზი საზოგადოება დარჩება ისეთივე გაღატაკებულად კრიმინალური ძალის ხელში. ამას გვიჩვენებს ბჟანიას გალიდერებაც, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად მოგვევლინა, თუმცა გვერდს უმაგრებს კრიმინალური სამყაროს ლიდერი. დე ფაქტო ხელისუფლებისგან არ ველოდებით რადიკალურ ცვლილებას, მაგრამ საზოგადოების განწყობა და ფასეულობების გადაფასება რომ დაჩქარდება, ამას ველოდებით.
დეკემბერში სოხუმში იყო ჩამოსული დუმის დელეგაცია, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც, ასე ვთქვათ, ულტიმატუმის ფორმით დააყენეს, იყო უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვის უფლების დაშვება. რუსეთის მთელი ძალისხმევა ამისკენ არის მიმართული. თუ ამ უფლებას დაუშვებენ, ერთი წელი იქნება საჭირო აფხაზეთის უძრავი ქონების შესაძენად და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ამ ტერიტორიას. ამიტომ, ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა მოძრაობას, თუ ის დაიცავს აფხაზების ინტერესებს. ახალი, ვინც მოვა აფხაზეთის „ხელისუფლებაში“, რუსეთი წაუყენებს ამ მოთხოვნას და მეორე მოთხოვნად ინტეგრაციის გაღრმავებას, ანუ რუსეთის ინტერესია, რომ აფხაზეთი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ასოცირებული წევრი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.