აღმოჩენილია გალაქტიკა, რომელმაც ამ დროისათვის დაფიქსირებულთა შორის ყველაზე ადრეული გალაქტიკის რეკორდი მოხსნა. აღმოჩენა დიდ გამოწვევას წარმოადგენს გალაქტიკათა ფორმაციის შესახებ არსებულ ამჟამინდელ მოდელთათვის.
მას JADES-GS-z14-0 უწოდეს და კაშკაშად ელვარებს ადრეულ სამყაროში, ვხედავთ ისეთს, როგორც ის დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის წინ გამოიყურებოდა. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი კიდევ ერთი ადრეული გალაქტიკა, სახელად JADES-GS-z14-1, ჩვენგან თითქმის იმავე მანძილზე მდებარეობს.
ასტრონომთა განცხადებით, აღმოჩენა ახლა უკვე საბოლოოდ დადასტურდა.
„ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინსტრუმენტი NIRSpec გალაქტიკა JADES-GS-z14-0-ს თითქმის ათი საათის განმავლობაში აკვირდებოდა და როდესაც მისი სინათლე დავამუშავეთ, გამოიკვეთა ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ გალაქტიკას მართლაც ჰქონდა 14,32-იანი წითელი წანაცვლება, რაც ყველაზე შორეული გალაქტიკის წინა რეკორდს ხსნის“, — ამბობენ იტალიის უმაღლესი ნორმალური სკოლის ასტრონომი სტეფანო კარნიანი და არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომი კევინ ჰაინლაინი.
მათი განცხადებით, სურათიდან ირკვევა, რომ სინათლის წყარო 1600 სინათლის წლის სიგანეზეა გადაჭიმული, რაც იმას ადასტურებს, რომ სინათლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ძირითადად ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან მოდის და არ წარმოადგენს მზარდი სუპერმასიური შავი ხვრელის გამოსხივებას. ამდენი სინათლე კი მიუთითებს, რომ ამ გალაქტიკას ჩვენს მზეზე რამდენიმე ასეულ მილიონჯერ მეტი მასა აქვს. შედეგად, ჩნდება კითხვა: როგორ წარმოქმნა ბუნებამ ასე კაშკაშა, მასიური და დიდი გალაქტიკა სულ რაღაც 300 მილიონ წელიწადში?
რეზენცირებამდელ სერვერ arXiv-ზე სამი პუბლიკაცია აიტვირთა. ისინი ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ სამივე მათგანი ერთნაირ დასკვნამდე მიდის. JADES-GS-z14-0 იქ ნამდვილად არსებობს — კაშკაშა მონაცემთა წერტილი, რომელიც წარმოადგენს ახალ გზას იმის დასადგენად, როგორ ჩამოყალიბდა სამყარო სულ ადრეულ ეტაპზე, პირველ საწყისებში.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ძალიან ცოტა სწორი ინფორმაცია გვქონდა პერიოდის შესახებ, რომელსაც კოსმოსურ განთიადს უწოდებენ. ეს გახლავთ 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგი პირველი მილიარდი წელიწადი. ასე უწოდებენ იმიტომ, რომ მაშინდელი, ადრეული სამყარო სავსე იყო ნეიტრალური წყალბადის ნისლით, რომელიც სინათლეს მიმოფანტავდა და გავრცელების საშუალებას არ აძლევდა.
ამ ნისლმა დიდხანს ვერ გასტანა; ადრეული სამყაროს ობიექტთა ულტრაიისფერმა სინათლემ მისი იონიზება მოახდინა და თანდათან მოასუფთავა. კოსმოსური განთიადის მიწურულს, სივრცე უკვე გამჭვირვალე იყო.
თუმცა, ამის შემდეგ, მრავალი ვარსკვლავი და გალაქტიკა გაჩნდა. თუ გვსურს, გავიგოთ, როგორ წარმოიქმნა ისინი, საჭიროა, რომ ამ ნისლში გავიხედოთ.
სწორედ ეს არის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მიზანი და ამისათვის შეიქმნა მისი მძლავრი ინფრაწითელი თვალები. ინფრაწითელ რადიაციას შეუძლია გაიაროს მკვრივ ფენებში, რაც სხვა სახის სინათლეს არ ძალუძს; მისი გრძელი ტალღისსიგრძეები იქ მინიმალური გაფანტვით გადის. ჯეიმს ვების პროგრამა Advanced Deep Extragalactic Survey (JADES) ეძებს დიდი აფეთქებიდან 650 მილიონი წლის დიაპაზონში არსებულ ობიექტებს. შედეგები ძლიერ საინტერესოა.
ერთი რამ, რასაც გამუდმებით პოულობენ, არის დიდი ობიექტები იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მათი არსებობა მოსალოდნელი იყო. ეს კი საკმაოდ გასაოცარია, რადგან ვმუშაობდით იმ ვარაუდით, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელთა და გალაქტიკათა მსგავს მასიურ ობიექტთა წარმოქმნას დიდი დრო სჭირდება — იმაზე მეტი, ვიდრე მათ ახლა ვხედავთ.
JADES-GS-z14-0 ნამდვილი საგანძურია. ის ძალიან დიდი და ძლიერ ელვარეა, სულაც არ ჰგავს იმას, რასაც ასტრონომები პროგნოზირებდნენ ასე ადრეულ სამყაროში არსებული გალაქტიკის შემთხვევაში. პირველ რიგში, მისი ზომა აჩვენებს, რომ მისი სინათლის უმეტესი ნაწილი ვარსკვლავებიდან მოდის და არა სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოკაშკაშე სივრციდან.
სინათლის ანალიზი ცხადყოფს დიდი ოდენობით მტვრისა და ჟანგბადის არსებობას, რაც ასევე მოულოდნელია ასე ადრეულ ეპოქაში. ასეთი მძიმე ელემენტების წარმოსაქმნელად საჭიროა მასიური ვარსკვლავები და მათი აფეთქება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ, ვარსკვლავთა უკვე რამდენიმე თაობა იყო აფეთქებული.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის ყველაზე მასიური ვარსკვლავები მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელიწადს ცოცხლობენ, ასეთი სცენარი სულაც არ არის შეუძლებელი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასტრონომები ამას არც ისე დიდად ელოდნენ.
საერთო ჯამში, გალაქტიკა მიუთითებს, რომ საჭიროა, აზრი შევიცვალოთ ადრეულ სამყაროზე; აჩვენებს, რომ სინათლის დიდი ოდენობით წყაროს, რასაც იმ პერიოდში ვხედავთ, მხოლოდ მზარდი შავი ხვრელები ვერ ხსნის. აშკარაა, რომ კოსმოსურ განთიადში დიდმა, კაშკაშა, კარგად აწყობილმა გალაქტიკებმა როგორღაც მოახერხეს წარმოქმნა.
„JADES-GS-z14-0 უკვე გახდა ამ ფენომენის არქეტიპი, საოცარია, რომ სამყარომ ასეთი გალაქტიკის შექმნა 300 მილიონ წელიწადში შეძლო“, — ამბობს კარნიანი.
კარნიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ arXiv-ზე. მასთან ერთად ჩატარებული ორი სხვა კვლევა კი ხელმისაწვდომია ამ და ამ ბმულზე.
მომზადებულია webbtelescope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.