ჯეიმს გილმორი - აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით რუსეთის აგრესიის შედეგად დაყოფილი მოსახლეობის გაერთიანების მოწოდებას
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავი არის სამწუხარო მოგონება იმ ათასობით დაზარალებულზე, რომლებიც ახლაც იტანჯებიან რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა ვენაში მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები კვლავ იჭრებიან საქართველოს შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას ცდილობენ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეშფოთების საგანი.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო სამხედრო თავდასხმა საქართველოზე, რისი მიზანიც იყო საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მოსკოვის კონტროლის განმტკიცება. 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავი არის სამწუხარო მოგონება იმ ათასობით დაზარალებულზე, რომლებიც ახლაც იტანჯებიან რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლების დატოვება აიძულეს და იძულებით გადაადგილებულ პირებად აქციეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც დეფაქტო მთავრობის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ჩაკეტვის გამო დაიღუპნენ, რადგან მათ აუკრძალეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება. ჩვენ ვიხსენებთ დაყოფილ ოჯახებს, რომლებსაც „ბორდერიზაციის“ გამო საარსებო წყარო წაართვეს. როდესაც მთელი სამყარო „კოვიდ-19“-ის შედგებს ებრძვის, საქართველო ასევე უნდა გაუმკლავდეს ვაჭრობის შეწყვეტის დანაკლისს, იმ მოსახლეობას შორის, რომელსაც ერთმანეთისგან გამყოფი ზოლი ჰყოფს, რაც ეკონომიკის აღდგენას კიდევ უფრო აფერხებს.
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები კვლავ იჭრებიან საქართველოს შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას ცდილობენ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეშფოთების საგანი. შარშან ვიხილეთ რუსეთის ხელმძღვანელობით ჩორჩანა-წნელისთან საქართველოს ტერიტორიის ასეულობით მეტრის გაკონტროლების მცდელობა. რუსი ე.წ. მესაზღვრეები აკავებენ მოქალაქეებს და მიმართავენ ძალადობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, მათ შორისაა ბოლოს შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ესროლეს.
2008 წელს გაფორმებული შეთანხმებით, რუსეთს მკაფიო ვალდებულებები აქვს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. რუსეთმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
გილმორის თქმით, მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
„ეს გადამწყვეტია ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რომ მათ ღირსეულად და უსაფრთხოდ შეძლონ სახლებში დაბრუნება. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით რუსეთის აგრესიის შედეგად დაყოფილი მოსახლეობის გაერთიანების მოწოდებას.
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე, მუდმივმოქმედ საბჭოზე რეგულარულად განიხილება. კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, აქ, ვენაში და სხვაგანაც. რუსეთი აგრძელებს იმ ქმედებების ხელშწყობას და მხარდაჭერას, რომლებიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროს და სიცოცხლეს. აშშ მოუწოდებს ეუთო-ს ყველა წევრ ქვეყენას, მხარი დაუჭიროს საქართველში ეუთო-ს მისიის განახლებას, რომელსაც ექნება საშუალება, მონიტორინგი გაუწიოს სიტუაციას სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს“, – აღნიშნა ჯეიმს გილმორმა მუდმივმოქმედი საბჭოს 3 სექტემბერს გამართულ სხდომაზე. განცხადების ტექსტი დღეს გავრცელდა.