ჯეიმს აპატურაი - გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ
ნატო-ს სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერლაური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აპატურაის თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას.
„ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც. პარლამენტში მოვისმინე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, რისთვისაც მოხარული ვარ, ეს არის ჩაწერილი კონსტიტუციაშიც. ყველა გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნატო-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ძალზედ პოლარიზებული გარემოა აქ, საქართველოში და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან. ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა აპატურაიმ.