ჯეიმი შეა - იმედი მაქვს, ნატო საქართველოს მალე გაუგზავნის პოზიტიურ სიგნალს, უნდა გვახსოვდეს, რომ წევრობას ორ ქვეყანას დავპირდით და საქართველო არასდროს უნდა დავივიწყოთ
ჯეიმი შეა - იმედი მაქვს, ნატო საქართველოს მალე გაუგზავნის პოზიტიურ სიგნალს, უნდა გვახსოვდეს, რომ წევრობას ორ ქვეყანას დავპირდით და საქართველო არასდროს უნდა დავივიწყოთ

საქართველო კვლავაც არის ნატო-ს წევრობის კანდიდატი, ნატო-ს კვლავაც აქვს ვალდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე აიღო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ჯეიმი შეამ საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოზე მეტის თქმა შეიძლებოდა ვილნიუსში. მართალია, რომ ახლა პუტინი შეჭრილია უკრაინაში, მაგრამ პუტინი საქართველოშიც შეიჭრა. თუმცა, უკრაინაში ახლა ცხელი ომის ფაზაა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ეს იყო მთავარი თემა და ასევე უკრაინის მხრიდან ნატო-ს წევრობის დაუყოვნებლივი მოთხოვნაც. თუმცა, საქართველო კვლავაც არის ნატო-ს წევრობის კანდიდატი. ნატო-ს კვლავაც აქვს ვალდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც ასევე ბუქარესტის სამიტზე აიღო. წლის ბოლოს საქართველო ასევე ელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, აღიარებული იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოდ. ჩემი შეგრძნებაა, რომ უფრო მეტი უნდა გვეთქვა საქართველოზე. მაგალითად, თუ უკრაინას აღარ მოსთხოვენ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულებას, საქართველომ უნდა გაიაროს? და კიდევ ერთი, როდესაც ნატო ეძებს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინაში, რაც ალიანსმა ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს, არის შავ ზღვაში წარმომადგენლობის შენარჩუნება, რადგანაც უკრაინის და ასევე, საქართველოსთვის გარანტიების გაცემის აუცილებელი ნაწილი არის შავ ზღვაში ნატო-ს გემების გაგზავნის შესაძლებლობის შენარჩუნება. მათ შორის ბათუმში, ფოთში“, – განაცხადა ჯეიმი შეამ.

მისი თქმით, აუცილებელია იმ კავშირის შენარჩუნება, რაც ნატო-ს საქართველოსთან აქვს, ასევე წვრთნებისა და ტრენინგების გაგრძელება.

„ასევე, არ უნდა დავმალოთ ის ფაქტი, რომ იყო ნაწილობრივი იმედგაცრუებები და კითხვები საქართველოს მომავალ გეზთან დაკავშირებით და შეშფოთებაც ქვეყანაში არასტაბილურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხოელი აგენტის რეგისტრაციის კანონთან დაკავშირებით დემონსტრაციებს ვგულისხმობ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს არ დაივიწყებენ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ასევე ცხადია, რომ ვილნიუსის სამიტით არაფერი დასრულებულა, წინ ახალი სამიტია მომავალ წელს, სავარაუდოდ, ვაშინგტონში. შედგება საგარეო საქმეთა მინისტერიალი, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამიტომ იმედი მაქვს, ნატო საქართველოს ძალიან მალე გაუგზავნის პოზიტიურ სიგნალს, რადგანაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო-ს წევრობას ორ ქვეყანას დავპირდით და საქართველო არასდროს უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ჯეიმი შეამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 14 ივლისს „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.