ჯეიკ სალივანი - სატელიტური გამოსახულებები ადასტურებს, რომ ბოლო ერთ თვეში რუსეთის დელეგაცია ირანში, ერთ-ერთ აეროდრომზე ორჯერ იმყოფებოდა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების სანახავად
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის დელეგაცია ირანში მდებარე ერთ-ერთ აეროდრომზე ორჯერ იმყოფებოდა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების სანახავად.
როგორც ტელეკომპანია „სიენენს“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განუცხადა, ეს დასტურდება სატელიტური გამოსახულებებით.
მიმდინარე კვირის დასაწყისში სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება.
საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე Shahed-191-სა და Shahed-129-ზე. აღნიშნული უპილოტო აპარატების აღჭურვა მაღალი სიზუსტის რაკეტებითაა შესაძლებელი.
სალივანის ცნობით, სატელიტური გამოსახულებები ადასტურებს, რომ რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ივნისში იმყოფებოდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კაშანის აეროდრომზე. მეორე ანალოგიური ვიზიტი კი 5 ივლისს განხორციელდა.