ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს
აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას და ეს ურთიერთობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
„ორმხრივი ურთიერთობების დამყარების საფუძველი მხოლოდ საერთაშორისო სამართალი შეიძლება იყოს, რომელსაც ყოველთვის იცავდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი, მაგრამ არა სომხეთი“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენა.
„აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობის დაწყების წინადადებების მიუხედავად, ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, – დაამატა ბაირამოვმა.
აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ოფიციალური ბაქო კვლავ მოუწოდებს სომხურ მხარეს, შექმნას ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.