ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროპაგანდით არიან დაკავებული და მათთვის თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების დარღვევა არ არის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროპაგანდაში დაადანაშაულა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, თეთრ სახლში „სიენენის“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების წვდომის შეზღუდვის შესახებ სიტყვის თავისუფლების დარღვევაა.
როგორც ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დონალდ ტრამპი მედიასაშუალებებს მუშაობას არ უკრძალავს.
„ის უბრალოდ აცხადებს, რომ ჩვენ არ მოგცემთ თეთრ სახლში შესვლის სპეციალურ ნებართვას, თუ თქვენ რეალურად პროპაგანდით ხართ დაკავებული“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამ მედიასაშუალებაზე მოდის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის შესახებ ნეგატიური მასალების დაახლოებით 92 პროცენტი.
„ეს არ ასახავს ამერიკელი ხალხის პოზიციას. ეს არ ასახავს საზოგადოებრივ აზრს. ამიტომ, თუ თქვენ რეალურად ულტრამემარცხენე პროპაგანდით ხართ დაკავებული, რატომ უნდა მოგცეთ ადმინისტრაციამ თეთრ სახლში განსაკუთრებული წვდომა?“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით“ ახსნა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა, თუ ზოგადად ქვეყანაზე.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ სიას სხვა „ყალბი ამბების“ გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან. „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“ პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად სარჩელს შეიტანენ.