ჯასტინ ტრუდოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულის ეხება, კრიტიკოსები ინიციატივას „დრაკონულს“ უწოდებენ
კანადის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეებს უფლებამოსილებას ანიჭებს, შინაპატიმრობა შეუფარდონ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული ჩაიდინონ.
როგორც დასავლური მედია წერს, კრიტიკოსები აღნიშნულ ინიციატივას „დრაკონულ“ კანონპროექტად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ ეს არის ძალაუფლების გადაჭარბება, სიტყვის თავისუფლების ჩახშობა და საფრთხეს უქმნის კომიკოსებს, კომენტატორებს, რომელთაც შესაძლოა, დიდი ჯარიმები დაეკისროთ. თუმცა კანადის იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ ეს „მნიშვნელოვანი“ ინსტრუმენტია პოტენციურ მსხვერპლთა დასაცავად, რომლებიც შესაძლოა, უმცირესობას წარმოადგენდნენ.
მედიის ცნობით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბავშვების დაცვასა და სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულების პრევენციას. კერძოდ, პოტენციურმა დამნაშავემ, გენერალური პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ასევე ატაროს ელექტრონული სამაჯური. პრევენციული ზომები, შესაძლოა, მოიცავდეს ასეთი პირისთვის სინაგოგებთან, მეჩეთებთან მიახლოების აკრძალვას ან ინტერნეტის გამოყენების შეზღუდვას.
„ეს დაეხმარება იმ პირების დერადიკალიზაციას, რომლებიც ინფორმაციას იღებენ ონლაინ და შემდეგ რეალურ ცხოვრებაში ძალადობრივად მოქმედებენ, ზოგჯერ – ფატალურადაც“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, არიფ ვირანიმ.
როგორც მედია წერს, კანონპროექტში გაწერილი ზომები ასევე მოიცავს სიძულვილით მოტივირებულ იმ დანაშაულებს, რომელთა მაქსიმალურ სასჯელს სამუდამო პატიმრობა წარმოადგენს. კანონპროექტი ასევე შესაძლებელს გახდის, ონლაინ პლატფორმებიდან დაუყოვნებლივ წაიშალოს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალები, ისევე როგორც თანხმობის გარეშე განთავსებული სექსუალური შინაარსის კონტენტი. კანონპროექტი ასევე საშუალებას მისცემს რიგით მოქალაქეებს, საჩივარი შეიტანონ კანადის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში იმასთან დაკავშირებით, რაც ინტერნეტში სიძულვილის გავრცელებად აღიქმება. დამნაშავეებს მსხვერპლისთვის, შესაძლოა, კომპენსაციის სახით 20 000 კანადური დოლარის ოდენობით გადახდაც დაეკისროთ.