ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო
ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მონრეალში, ორ ებრაულ სკოლაში სროლა და იმავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეტაკებები დაგმო.

„მესმის, რომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია იმით, რასაც იქ ხედავენ. ძალადობა, სიძულვილი, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ისეთი შემთხვევები, როგორიც კონკორდიას უნივერსიტეტში ვნახეთ, ან ღამით ებრაულ სკოლებში მომხდარი სროლები – ეს ყველაფერი მიუღებელია“, – განაცხადა ტრუდომ.

კანადის პოლიციის ცნობით, მონრეალში ორ ებრაულ სკოლაში ღამით მომხდარ სროლაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც მედია წერს, კონკორდიას უნივერსიტეტში შელაპარაკება ისრაელსა და ღაზაში კონფლიქტის დაპირისპირებულ მხარეებთან კავშირში მყოფ პირებს შორის მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და რამდენიმე კი პოლიციამ დააკავა.

ამასთან, ტორონტოში პოლიციამ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებები ორჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი.