ჯასტინ ტრიუდო - კანადის მთავრობა იმუშავებს, რომ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფა სრულად იყოს გამოძიებული
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ ის შოკირებული და დამწუხრებულია ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა.
გავრცელებულ განცხადებაში ჯასტინ ტრიუდო უსამძიმრებს ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა ოჯახებს
„დღეს, ვარწმუნებ ყველა კანადელს, რომ მათი უსაფრთხოება და დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
მისი თქმით, კანადის მთავრობა იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ავიაკატასტროფა იყოს სრულად გამოძიებული და კანადელების კითხვებს პასუხი გაეცეს.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადა უერთდება სხვა ქვეყნებს, რომლებიც გლოვობენ მოქალაქეების დაკარგვას.
თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის 63, ირანის 82, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის ოთხი, გერმანიის სამი და ბრიტანეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმფრინავი თეირანიდან კიევში ასრულებდა რეისს.