ჯარჯი აქიმიძე - აღარ გვინდა არანაირი ვაჭრობა და შემოთავაზება, დამფუძნებლებს ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ
აღარ გვინდა არანაირი ვაჭრობა და შემოთავაზება, დამფუძნებლებს ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ დავით დვალთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ წილის ნებისმიერ პროცენტს მივიღებთ, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ სამართლიანობა აღდგა და ორ კურდღელს დაიჭერენ. ერთი ის, რომ „რუსთავი 2“-ს მეპატრონეები ეყოლება, მეორე – ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ერთს ამტკიცებდნენ, სახელმწიფოსთან და სტრუქტურებთან გარკვეულ გარიგებაში შევლენ, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში სიმართლისკენ სვლა და გეზი დაუბლოკა.
იმისთვის, რომ ყველანაირი ეს ინსინუაციები გამოვრიცხოთ, მარტივი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ ყველაფერზე ჭორ-მართალი რომ აღარ იყოს, აღარ გვინდა არანაირი ვაჭრობა და არც შემოთავაზება. დამფუძნებლებს ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ამ ბრძოლაში თუ საზოგადოებაც გვერდში დაგვიდგება, ძალიან კარგი იქნება. თუ არ დაგვიდგება, ჩვენ ვართ ორი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
ამასთან, პრესკონფერენციაზე დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მხრიდან არანაირ ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია და ხალვაშისთვის არაფერი შეუთავაზებიათ.
„ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით, სამწუხაროდ, არ მომისმენია. იქ თურმე გაიჟღერა ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და კონტრწინადადებებს ელიან. სრული კატეგორიულობით და პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ ვაჭრობას. სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ხალვაშისთვის არაფერი არ შეგვითავაზებია. მე რა უფლება მაქვს, რამე შევთავაზო კერძო მფლობელს, რომელიც წილების 100 პროცენტის მფლობელია. ხალვაშთან შეხვედრაზე წინადადების მოსასმენად მივედით, რადგან მან თავის დროზე გამოთქვა სურვილი და ხმამაღლაც თქვა, რომ რაღაც წილის გადმოცემასა და პარტნიორობაზე იყო საუბარი“, – განაცხადა დავით დვალმა.
მისივე თქმით, მას და ჯარჯი აქიმიძეს ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენელთან.
„შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის რამოდენიმე დღეს და ხვალ. მაქსიმალურად გავაქტიურდებით და ყველა თანამოაზრესა და ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება, მიუღებელი და დაუშვებელია, კონტაქტზე ყველასთან გავალთ. მოქმედების სტრატეგიას დავსახავთ. რაღაც გეგმები ჩვენც გვაქვს, რომლის წინასწარ გამხელა ალბათ არ ღირს. კონსულტაციების შედეგად გეგმები უფრო ჩამოყალიბდება და საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. ცოტა პესიმისტური განწყობა მაქვს. დეჟავიუ მაქვს, თითქოს სიტუაცია მეორდება, თითქოს ისევ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის მართვის ბერკეტები ჩაიგდო. ჩემი განწყობა ასეთია, მცდელობა იქნება, რომ „რუსთავი 2“ პროსახელისუფლებო არხი გახდეს“, – განაცხადა დავით დვალმა.