ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ჯერ უცნობია, არის თუ არა „ომიკრონ“ შტამი მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით
ჯერ უცნობია, არის თუ არა „ომიკრონ“ შტამი უფრო მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის „ომიკრონით“ დაზარალებულ რაიონებში ინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის გასაგებად, არის თუ არა ეს დაკავშირებული „ომიკრონთან“ თუ სხვა ფაქტორებთან.
„ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა „ომიკრონის“ ინფექცია უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა „ომიკრონის“ ინფექციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაცხადების თანახმად, ვაქცინებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური მოცირკულირე ვირუსის, „დელტას“ წინააღმდეგ.