ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალისა” და “იუვენტუსის” განმეორებითი მატჩის კომპენსირებულ დროში, მადრიდულმა კლუბმა 0:3-ზე საჯარიმოში ჩააწოდა. კრიშტიანუ რონალდუმ ლუკას ვასკესს დაუგდო ბურთი – ესპანელი ახლო მანძილიდან დასარტყმელად ემზადებოდა, როცა უკნიდან მეჰდი ბენატიამ წააქცია.
ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა პენალტი დანიშნა. რონალდუმ შჩესნის გაუტანა და “რეალი” ზედიზედ მერვედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
რას ამბობენ ამ ეპიზოდზე
ლუკას ვასკესი: “პენალტი იყო. მცველმა წამაქცია იმ დროს, როცა დარტყმას ვაპირებდი. ეჭვგარეშეა”.
მეჰდი ბენატია: “გეფიცებით, მისთვის ხელი არ მიკრავს. ის წაიქცა, რადგან სხვა ვარიანტი არ რჩებოდა. 93-ე წუთზე ასეთ სიტუაციაში პენალტის დანიშვნა, აბსურდია. ერთი წლის წინ, “ბაიერნი” იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა. რას ვიზამთ?!”
კრიშტიანუ რონალდუ: “არ მესმის, რატომ აპროტესტებდნენ. ლუკასს უკნიდან უბიძგეს. დარღვევა რომ არა, ის გაიტანდა”.
დანიელ კარვახალი: “მომეჩვენა, რომ პენალტი აშკარად იყო. ლუკასი ემზადებოდა გასატანად და ამ მომენტში წააქციეს“.
ჯანლუიჯი ბუფონი: “არ შეიძლება, მსაჯმა ასე ცინიკურად გადაუსვას ხაზი მთელი გუნდის მონდომებას. მას არ შეუძლია, ასე გააძევოს გუნდი! მას მკერდში არა გული, არამედ ნაგვის ურნა აქვს. 10 პროცენტითაც არ ყოფილა პენალტი”.
ჯორჯო კიელინი: “ვინმეს უკვირს? შარშან, “ბაიერნმა” გამოსცადა იგივე, ახლა ჩვენ”.
ანდრეა ანიელი (“იუვენტუსის” პრეზიდენტი): “უნდა დავეხმაროთ უეფას კვალიფიცირებული მსაჯების დანიშვნაში და VAR-ის შემოღებაში. არბიტრმა სრულად დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე. ეს სრული ქაოსი იყო. როცა მსაჯი ამ ეპიზოდს თავიდან ნახავს, ყველაზე მეტად შეწუხდება, რადგან მიხვდება, რაც მოხდა სინამდვილეში”.
მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “არ მინდა მსაჯის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გავაკეთო. ძალიან მეცოდებიან ბიჭები”.
ედუარდო იტურალდე (ყოფილი მსაჯი): “უბრალოდ, შეხება საკმარისი არ არის პენალტისთვის. ეს არ ყოფილა დარღვევა”.
გრაციანო ჩეზარი (ყოფილი მსაჯი): “განმეორებით ჩანს, რომ ბენატია ბურთს ეხება და ამ სიტუაციაში არ შეიძლება, იყოს არანაირი ჯარიმა. არბიტრი მოთამაშეების მოძრაობას წამოეგო, არადა, ყველაფერს კარგად ხედავდა. ერთმნიშვნელოვნად, ვიდეოგამეორების სისტემა დაეხმარებოდა ამ ეპიზოდში”.
ხოსე ლუის ჩილავერტი (ყოფილი მეკარე): “საფეხბურთო მაფიამ შეუშალა ხელი “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში”.