მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს

რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებს, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგი ლავროვის განცხადება.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს შემადგენლობაში საერთაშორისო საზოგადოება მოიაზრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის „დაკანონებას“, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, – განაცხადა ჯანელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს ისევე, როგორც ორი ახალი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.