ლავროვი - რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას
ლავროვი - რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვით პირველი არხის ჟურნალისტმა მიმართა.

პირველი არხის ჟურნალისტმა სერგეი ლავროვს ჰკითხა, როდის აპირებს რუსეთი, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული კითხვის პასუხად განაცხადა: „რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ახალი რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“.

გარდა ამისა, პირველი არხის ჟურნალისტმა ლავროვს მიმართა, შეეფასებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც რექს ტილერსონი ამბობს, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ეუთომ უნდა დაგმოს რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს ეუთოს წვდომას საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

აღნიშნული კითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „დიდი მადლობა თქვენ განცხადებისთვის. მე ტილერსონზე არაფერი შემიძლია ვთქვა. ტილერსონმა დაგმობისკენ მოუწოდა არა რუსეთს, არამედ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ, დაგმოთ. ​ტილერსონმა დაგმო რუსეთის ქმედებები და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა, ხოდა დაგმეთ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ორი ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი ავსტრიაში, ვენაში ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს.